მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

წნისის მეურნეობა და თესლის ბანკი - მარცვლეულის კიდობანი

ელკანას საკონსერვაციო მეურნეობა - მარცვლეულის კიდობანი

მოკლე ისტორია

აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ მიმართულებით მუშაობა ორგანიზაციამ 1996 წლიდან დაიწყო. „ელკანას“ მიზანია აღადგინოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძველი ქართული ერთწლოვიანი და მრავალწლოვიანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი შეკრების, გამრავლების, სელექციის, პოპულარიზაციის, ადგილობრივი მეურნეების მონაწილეობით გავრცელებისა და მოკლე თანამშრომლობითი ღირებულებათა ჯაჭვების შექმნისა და ხელშეწყობის გზით. სწორედ ამ მიზნით დააარსა „ელკანამ“ 2004 წელს საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, რომლის საერთო ფართობია 4.8ჰა და რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ წნისში, ქალაქ ახალციხიდან 6 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. სამცხე-ჯავახეთი შემთხვევით არ შერჩეულა - იგი  ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია კულტურულ მცენარეთა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.

საქმიანობების აღწერა

„მარცვლეულის კიდობანში“ ითესება და მრავლდება მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, გაშენებულია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე. ყველა კულტურის მოყვანა მხოლოდ ბიომეთოდებისა და ბიოსაშუალებები გამოყენებით ხდება.

აქ მოსულ სტუმრებს, ფერმერებს, სტუდენტებს, ტურისტებს, დაინტერესებულ პირებს  საშუალება ეძლევათ საკუთარი თვალით იხილონ ხორბლის ხუთი ენდემური სახეობის - ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii  Zhuk.), კოლხური ასლის (Triticum palaeocolchicum Menabde), მახას (Triticum macha Dekapr & Menabde), ჰექსაპლოიდური ზანდურის (Triticum zhukovskyi Menabde & Ericzjan) და დიკას (Triticum carthlicum Nevski.),  აბორიგენული ჯიშის ახალციხის (მესხური) წითელი დოლის (Triticum aestivum L. var. ferrugineum) და სხვათა  როგორც მოზრდილი, ასევე საკოლექციო ნათესები. ეს ხორბლები ოდითგანვე ითესებოდა საქართველოში და მათი ფქვილისაგან გემრიელ, სურნელოვან  და ყუათიან პურს აცხობდნენ.  

საქართველოში საუკუნეების მანძილზე გავრცელებული პარკოსანი კულტურები, რომლებიც ლობიომ ჩაანაცვლა, სწორედ „მარცვლეულის კიდობანში“ იქნა აღდგენილი და გამრავლებული. აქ ითესება და მრავლდება მუხუდო (Cicer arietinum L.), ცერცვი (Vicia faba L.), ცულისპირა (Lathyrus sativus L.), ოსპი (Lens culinaris Medic), ძაძა (Vigna unguiculata L. Walp.), რომელთა კერძების მომზადებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქ ნახავთ საზეთე კულტურას - სელს (Linum usitatissimum L.), რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საუკუნეების მანძილზე დიდი რაოდენობით ითესებოდა და გამოიყენებოდა, დღეს კი გადაშენების პირას არის მისული, ასევე ღომს (Setaria italica (L) Beaur), რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ძირითად პურეულს წარმოადგენდა სიმინდის შემოსვლამდე, დღეისათვის კი სიმინდმა თითქმის სრულად განდევნა.

„მარცვლეულის კიდობანის“ ნაკვეთზე გაშენებულია ასევე ხეხილის ბაღი, რომელშიც წარმოდგენილია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშები, კერძოდ ვაშლის ჯიშები თურაშაული, აბილაური, რძევაშლი, ერბოვაშლი, მსუქანა, რაკრაკა, შაქარნაბადა, მზის სხივი, ხვინწა, თათენა და სხვა, მსხლის ჯიშები სოსელო, ინჟირა, ნენე მსხალი, წითელგვერდა, ზამთრის გულაბი და სხვა. ეს ჯიშები, ერთეული ხეების სახით, ჯერ კიდევ შემორჩენილია სამცხე-ჯავახეთის ძირძველ სოფლებში, ადგილობრივი ოჯახების მეურნეობებში. სწორედ ასეთი მეურნეობებიდან მოხდა მათი კვირტების აჭრა, „მარცვლეულის კიდობანში“ დამყნობა და ხეხილის ბაღის გაშენება.

„მარცვლეულის კიდობანში“ არსებული სათესლე და სარგავი მასალა ხელმისაწვდომია ფერმერთათვის და დაინტერესებულ პირთათვის.

თესლის ბანკი

„ელკანას“ მიერ გამრავლებული მარცვლეული კულტურებისა და სამარცვლე პარკოსანი კულტურების კონსერვაცია „მარცვლეულის კიდობანში“ არსებული თესლის ბანკის და ცოცხალი ნათესებისა და კოლექციების საშუალებით ხდება. თესლის ბანკში არსებული სათესლე მასალა ყოველწლიურად ახლდება და ხელმისაწვდომია ფერმერთა და დაინტერესებულ პირთათვის.

„ელკანას“ აგრობიომრავალფეროვნების პროგრამა 

  • „ელკანას“ მიერ გამრავლებული, მარცვლეული და სამარცვლე პარკოსანი კულტურების თესლი, ხელშეკრულების საფუძველზე, უფასოდ გადაეცემა „ელკანას“ წევრ ფერმერებს, შემდგომი გამრავლების მიზნით;
  • მეურნე, რომელიც უფასოდ იღებს თესლს, ხელშეკრულებით ვალდებულია დაესწროს შესაბამის ტრენინგს, მიღებული მარცვლეული გამოიყენოს მხოლოდ სათესლედ, ხოლო მოსავლის მისაღებად გამოიყენოს მხოლოდ ბიომეთოდები და ბიოსაშუალებები;
  • მიღებული მოსავლიდან „ელკანას“ „მარცვლეულის კიდობანში“ დააბრუნოს მიღებულზე 1.5-ჯერ მეტი სათესლე მარცვალი (ანუ, თუ მიიღო 10 კგ, აბრუნებს - 15 კგ-ს);
  • დაბრუნებულ თესლს, „ელკანა“, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე, უფასოდ გადასცემს სხვა დაინტერესებულ მეურნეებს იგივე პირობებით;
  • ხეხილის ნერგების გარკვეულ რაოდენობას ინდივიდუალური პროექტების ფარგლებში „ელკანა“ უფასოდ გადასცემს წევრ ფერმერებს, ხოლო სხვა შემთხვევებში დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ ნერგების ადგილზე შეძენა;  
  • პროგრამაში მონაწილე მეურნეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაცია ამ კულტურათა მოვლა-მოყვანის თაობაზე.

ღონისძიებები

„მარცვლეულის კიდობანში“ ტარდება ფერმერის დღეები, ტრენინგები, სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები, ღონისძიებები და ფესტივალები ადგილობრივი ფერმერების, ტრადიციული პროდუქტის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ღონისძიებებზე აქ მოწეული ხორბლისგან გამომცხვარი პურისა და პარკოსნებისაგან მომზადებული კერძების დეგუსტაციაც ეწყობა.

აგროტურისტული საქმიანობა

„მარცვლეულის კიდობანი“ ვიზიტორებს საკმაოდ შთამბეჭდავ დახვედრას ჰპირდება. აქ მოსულ ტურისტებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების როგორც მოზრდილი, ასევე საკოლექციო ნათესები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, მოისმინონ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეთა განმავლობაში ამ კულტურათა მოყვანისა და გამოყენების საინტერესო ისტორიები. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისწავლონ თონეში პურის ჩაკვრა, დააგემოვნონ ახალციხის (მესხური) წითელი დოლის ფქვილით გამომცხვარი სურნელოვანი პური და პარკოსანი კულტურების მარცვლეულით მომზადებული კერძები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა - „მარცვლეულის კიდობანი“

მისამართი:  სოფელი წნისი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ასოციაცია „ელკანას“ რეგიონულ ოფისს სამცხე-ჯავახეთში

მისამართი: ქალაქი ახალციხე, 0800, შალვა ახალციხელის ქ. #9. ტელეფონი: +995 365 22 02 46,

ელ.ფოსტა: akhaltsikhe@elkana.org.ge