მოკლე ისტორია
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა, მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს. 2011 წლიდან სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა, რომლის მიზანია ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია, პოპულარიზაცია და დაინტერესებულ ფერმერთა შორის გავრცელება.
კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამასთანავე დიდი ეკონომიკური და მეცნიერული ღირებულება აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალხარისხიანი ტრადიციული პროდუქტების წარმოება ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებს ეფუძნება, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც;
საქმიანობების აღწერა
ამჟამად მეურნეობა მუშაობს პირუტყვის ადგილობრივი ჯიშების (ქართული მთის ძროხა - ჯილაგი ფშავ-ხევსურული, კავკასიური წაბლა და კახური ღორი), ქათმის ადგილობრივი პოპულაციების (მეგრულა, ნაცარა) და ჯავახური ბატის კონსერვაციაზე.
ადგილობრივი ჯიშები კარგად ეგუებიან ადგილობრივ გარემო პირობებს და გამოირჩევიან გამძლეობით კლიმატის ცვლილებისა და მავნებელ-დაავადებებისადმი, რის გამოც მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ სელექციისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
დაინტერესებულ ფერმერებს აქვთ საშულება ელკანას ფერმაში შეიძინონ კახური ღორის გოჭები. ხოლო ფერმერები, ვინც ჩართულია კახური ღორის მოშენებაში, მუდმივად იღებენ საკონსულტაციო მომსახურებას ელკანას მეცხოველეობის კონსულტანტისგან.
მეურნეობის ტერიტორიაზე მოწყობილია პერმაკულტურის დიზაინი ხეხილის ბაღითა და ვაზით, ქარსაფარი ზოლით და წვიმის წყლის შეგროვების სისტემით. მეურნეობის ტერიტორია აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემითა და მზის ბატარეებით.
აქვეა ღია და დახურული ტიპის სამუშაო სივრცე, სადაც სხვადასხვა ტიპის დარგობრივი შეხვედრები და ტრენინგები ეწყობა. აქვე, ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, ტარდება „ფერმერის დღეებიც“ და აღინიშნება „ბიომრავალფეროვნების დღე“.
ღონისძიებები
„ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში ტარდება ფერმერის დღეები, ტრენინგები, სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები, ღონისძიებები და ფესტივალები ადგილობრივი ფერმერების, ტრადიციული პროდუქტის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
აგროტურისტული საქმიანობა
აქ მოსულ სტუმრებს, ფერმერებს, სტუდენტებს, ტურისტებს, დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ „ელკანას“ საკონსერვაციო ფერმა, ჩაერთონ ფერმის საქმიანობაში (ცხოველების კვება, მცენარეების დარგვა და სხვ.) , თონეში გამოაცხონ შოთები წითელი დოლის პურის ფქვილისაგან. ასევე სტუმრები აგემოვნებენ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ადგილობრივ ტრადიციულ პროდუქტს ( თუშური გუდა, კალტი, ქვევრის ღვინო, ცულისპირა და სხვ.) .
საკონტაქტო ინფორმაცია
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ზემო ხოდაშენის შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა
მისამართი: სოფელი ზემო ხოდაშენი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ასოციაცია „ელკანას“ სამრჩევლო განყოფილებას:
ტელეფონი: +995 32 253 64 88 ;
ელ.ფოსტა: head_bioextension@elkana.org.ge