ანზორ მაისურაძე ხაშურთან ახლოს, სოფელ ნაბახტევში ცხოვრობს და ადგილობრივ ქართულ მარცვლეულ და პარკოსან კულტურებს აწარმოებს. ფერმერს განსაკუთრებით ეამაყება ადგილობრივი ხორბლის ჯიშების აღდგენა-გამრავლების საქმეში შეტანილი წვლილი.
„მემარცვლეობას 2007 წლიდან მივსდევთ - ამ საქმის სიყვარული ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ გვასწავლა და გასამრავლებლად გადმოგვცა მცირე რაოდენობით ხორბლის ჯიშები. მათი გამრავლება სულ მცირე ფართობზე დავიწყეთ და დღეს 25 ჰექტარზე მოგვყავს ახალციხის წითელი დოლის პური, თეთრი დიკა, შავფხა, მახა, ზანდური და ჭვავი.“ - ამბობს ანზორ მაისურაძე.
ანზორ მაისურაძე განსაკუთრებით აღნიშნავს ასოციაცია „ელკანას“ როლს. მისი აზრით, ამ ორგანიზაციამ, სათესლე მასალის გარდა, მისცა მთავარი - ცოდნა და ინფორმაცია.
„თუ გიყვარს შენი მიწა, შენი წვლილი უნდა შეიტანო ქვეყნის მშენებლობაში. მეამაყება, რომ დავიწყე ქართული ხორბლის ჯიშების დაცვა, აღდგენა და კოლექციის წარმოება - საწყისი ჯიშები „ელკანამ“ გადმოგვეცა, შემდეგ უკვე მთლიანი კოლექცია პეტრე ნასყიდაშვილისაგან მივიღეთ. ამჟამად მარცვლეული და პარკოსანი კულტურების 135 ჯიში მომყავს. ეს რთული პროცესია და ერთ თვეში არ კეთდება - რაც „ელკანას“ წევრი გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე, მათი დახმარების გარეშე ვერც წარმოებას დავიწყებდით და ვერც პროდუქციას გავყიდიდით.“ - აცხადებს ანზორ მაისურაძე.
როგორც „ელკანას“ წევრი ფერმერი, იცავს ბიოსტანდარტს და არ იყენებს ქიმიურ საშუალებებს, ნაკელიც კი დოზების დაცვით შეაქვს.
„თითოეულ წესს ზედმიწევნით ვიცავთ და შედეგიც გვაქვს - ჩვენი პროდუქტი სუფთა და სასარგებლოა. თაგვსაც კი არ ვებრძვით, მანაც თავისი წილი უნდა შეჭამოს მეურნეობაში და რაც დარჩება, ეს უკვე მეურნეობის წილია. ზოგი ჩიტს, ზოგი თაგვს, ზოგი ჩვენ.“ - ამბობს ანზორ მაისურაძე