18 წელია, პაატა სარდალიშვილი ვენახს უვლის და ღვინოს აყენებს. საქმიანობა იმ მიზნით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის, სუფთა ღვინო ეწარმოებინა. ამ პერიოდშივე გაიცნო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ წარმომადგენელი გიორგი ბარისაშვილი და აღმოაჩინა, რომ „ელკანას“ საქმიანობა - ხელი შეუწყოს ბიომეურნეობების განვითარებას, მის სურვილს ემთხვევა. გაწევრიანდა ასოციაციაში და მისი რჩევებით და ხელშეწყობით, ვენახის მოვლისას და ღვინის დაყენებისას მხოლოდ ბიომეთოდებს იყენებს. ყვარელში, სოფელ ენისელის მზიან ფერდობებზე, 12 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახები გამორჩეულად მოვლილია და გამრჯე მევენახის ხელი ეტყობა.
„მთელი ჩვენი შრომა და ენერგია იმაში იხარჯება, რომ ყურძნის მოსავალი იყოს მაღალი ხარისხის და ბუნებასაც ზიანი არ მიადგეს - არ ვიყენებთ ქიმიკატებს, მხოლოდ ბიომეთოდებით მოგვყავს ყურძენი და ვაყენებთ ღვინოს, ამიტომ ჩვენი ღვინო არის ცოტა და ძვირი - წელიწადში 15 000 ბოთლს ვასხამთ.“, - ამბობს პაატა.
„ელკანას“ რჩევით, პაატა სარდალიშვილმა მიმართა სერტიფიცირების ორგანოს „კავკასსერტს“ და 2013 წლიდან ბიოსერტიფიკატის მფლობელი გახდა.
„2013 წლიდან უკვე სერტიფიცირებულ ბიოღვინოს ვამზადებ - დავაფუძნე ღვინის კომპანია და „არტევანის“ ბრენდით სამი სახეობის წითელ ბიოღვინოს ვთავაზობთ მომხმარებელს: არტევანი ნახევრად ტკბილი, არტევანი მშრალი და არტევანი ნახევრად მშრალი. ტრადიციულად ყურძენს ვწურავთ ქვევრებში.“ - აცხადებს პაატა სარდალიშვილი
თავიდან ბევრი პრობლემა იყო, საზოგადოება არ იყო მზად ამ მეთოდების მისაღებად - პაატას მეზობლებს უკვირდათ პაატას საქმიანობა, ეუბნებოდნენ, რატომ არ იყენებთ ქიმიკატებს, ხომ ხედავთ, მოსავალი ცოტა მოდისო. დღეს სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა და პაატა სარდალიშვილის ბიოღვინო ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს.
„კარგი, ხარისხიანი ბიოღვინო საქართველოშიც იყიდება და საზღვარგარეთაც. ჩვენი ღვინო იყიდება ამერიკაში, ავსტრიაში, ჩეხეთში. ახლა ჩინეთშიც გვსურს გატანა. ჩვენში ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ ქიმიკატების გარეშე შეუძლებელია ვენახის მოვლა, თუმცა ჩემი მაგალითი ადასტურებს, რომ შეიძლება განსხვავებული გზით სიარული - ცოტა, მაგრამ კარგი ხარისხის ბიოღვინის წარმობა. ტრადიციული ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენც წინ წაგვწევს და დარგსაც განავითარებს“, - აცხადებს პაატა სარდლიშვილი.