მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ჩვენი წევრები

ბაჩუკი რუაძე
ინოვაციური მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში

გურჯაანის ფერმერებისათვის ატმის მოყვანა, მევენახეობასთან ერთად, შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მაგრამ ატმისა და ყურძნის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას სერიოზულად უშლის ხელს სეტყვით მიყენებული ზარალი, რაც ამ რეგიონში საკმაოდ ხშირია.  

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ბაჩუკი რუაძეს ატმის ბაღი აქვს გაშენებული და ერთადერთი ფერმერია, რომელსაც სეტყვის ღრუბლის გამოჩენის არ ეშინია - მან 2 წლის წინ ატმის ბაღში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით სეტყვის საწინააღმდეგო ბადე დაამონტაჟა.

„სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები იტალიიდან შემოვიტანეთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ხელშეწყობით და ნახევარ ჰექტარზე დავამონტაჟეთ. ბადეები მოსავალს სეტყვისგან და  ქარისგან იცავს, ტენი ნაკლებად ორთქლდება. ამავე დროს, ნაყოფიც დაცულია და უკეთ ყალიბდება. წელს განსაკუთრებულად ხარისხიანი მოსავალი მივიღეთ - ჩემი აზრით, ეს ბადეების დამსახურებაცაა“, - ამბობს ფერმერი.

პოლიეთილენის ბოჭკოსაგან დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო ბადე საკმაოდ წვრილი და ძალზე გამძლეა. შიდა მხრიდან ბაგირებით არის დამაგრებული. ბადეები ხანგრძლივი გამძლეობით ხასიათდება - ინსტრუქციის მიხედვით 7-წლიანი გარანტია აქვს, მაგრამ იტალიის გამოცდილებით, 15 წელიც კარგად მუშაობს.

ფერმერის თქმით, სეტყვის გამფანტავ რაკეტებთან შედარებით, ბადეების უპირატესობა ისაა, რომ ადვილი მოსახმარი და სამართავია. ასევე არ შეიცავს არანაირ ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სეტყვისგან დამცავი ბადეები პირდაპირ შეხებაშია მცენარესთან.

„აღნიშნულ სისტემას რაიმე განსაკუთრებული მოხმარების წესები არ აქვს. თავიდან პულტიანი სისტემა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ გავიგეთ, რომ ევროპაშიც ხშირად ეს სისტემა არ ამართლებს, ამიტომ მექანიკურად მართვადი სისტემა დავაყენეთ. როგორც კი გადავა სეტყვის საშიშროება, ბადეებს ვხსნით. გაზაფხულზე კი, როცა წამლობის და სხვლის პროცესი დაიწყება, ისევ ვაფარებთ ბადეებს“, - აცხადებს ბაჩუკი რუაძე.

მებაღე აღნიშნავს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ძირითადად ინტენსიურ ბაღებზეა გათვლილი, არ გამოდგება ბლის ხეებსა და მაღალ მცენარეებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული სისტემის მონტაჟი სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.  

„მონტაჟი დაახლოებით 30,000 ლარამდე დაჯდა. ცხადია, ამას ყველა ფერმერი ვერ შეძლებს, მაგრამ თუ იქნება გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტები, ბევრი მეწარმე გააკეთებს. აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ყოველწლიურად მოსავლის თითქმის ნახევარს სეტყვა ანადგურებს, ხოლო რაც რჩება, უხარისხოა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება აუცილებელია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსაგან ხელშეწყობა და დაფინანსება ამ კუთხითაც უნდა იყოს“, - ამბობს ბაჩუკი.

თავის მხრიდან, ბაჩუკი მზადაა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟისა და მოხმარების გამოცდილება სხვა ფერმერებს გაუზიაროს.