ჩვენი წევრები

ზაზა ივანიძე
ფუტკრის ერთი ოჯახით დაწყებული ბიზნესი

ახალგაზრდა მეფუტკრე ზაზა ივანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუსხში ცხოვრობს. ბავშვობიდან აინტერესებდა მეფუტკრეობა და საქმიანობა ფუტკრის ერთი ოჯახით დაიწყო, დღეისათვის კი უკვე 100-ს უვლის. ცოდნასა და გამოცდილებას მუსხსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მეფუტკრეებსა და ახალგაზრდებს უანგაროდ უზიარებს. ასევე, მეფუტკრეობის ინსტრუქტორია და კოლეჯ „ოპიზარში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს ასწავლის მეფუტკრეობას.

„2015 წელს გავხდი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი. აქ ვიპოვე საკუთარი თავი. მიმაჩნია, რომ კარგ საქმეს აკეთებს „ელკანა“:  ბუნებრივად მოყვანილ, სუფთა პროდუქტს არაფერი შეედრება. რა თქმა უნდა, ასეთი პროდუქტი ბაზარზეც მოთხოვნადია. „ელკანა“ გვეხმარება როგორც ცოდნა-გამოცდილების მიღებაში, ასევე სხვადასხვა საგრანტო პროექტებში მონაწილეობის საშუალებასაც გვაძლევს. განსაკუთრებით სასარგებლო იყო გამოცდილების გაზიარების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში - ეცნობი ხალხს, უზიარებ და იღებ გამოცდილებას, ეცნობი ახალ ტექნოლოგიებს“, -აღნიშნავს მეფუტკრე.

3 წლის წინ ზაზა ივანიძემ კოოპერატივი ,,ქართული ნექტარი“ დააფუძნა, რომელიც 6 წევრისგან შედგება. კოოპერატივს სახელმწიფომ ჩარჩოიანი, თანამედროვე სკები გადასცა, ხოლო „ელკანას“ დახმარებით ფუტკრის მოვლისა და თაფლის ბიომეთოდებით წარმოების პრაქტიკული სწავლება გაიარა.

„ვსწავლობთ, თუ რა პრეპარატებით უნდა შევწამლოთ ფუტკარი ისე, რომ არ დაბინძურდეს თაფლი, სანთელი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტი. „ელკანაში“ ამ საკითხებზე კონსულტაციებს გვიწევენ, გვაძლევენ პრეპარატების ნუსხას. კოოპერატივების სააგენტო ყოველწლიურად გვიკეთებს თაფლის ნიმუშების ანალიზს რიგაში. სასიხარულოა, როცა იღებ დასკვნას, რომ შენი თაფლი ნამდვილად სუფთაა. მომხმარებელი უკვე გვცნობს, იციან ჩვენი პროდუქციის გემო და თვისებები, ამიტომ  ყოველწლიურად გვემატება მყიდველი. ახლა გვინდა, რომ გავზარდოთ წარმოება“, - ამბობს ზაზა.

მეფუტკრის აზრით, წარმოების გაზრდას ბევრი პრობლემის მოგვარება სჭირდება - გამოსაცვლელია მოძველებული სკები, საჭიროა დამატებითი აღჭურვილობა, არასაკმარისია ფინანსები.

 „ჩვენი თხოვნაა, რომ დონორებმა საგრანტო თანხა გაზარდონ, რათა საწარმოს შექმნისათვის საჭირო თანხის ნახევარზე მეტი დაფინანსდეს. ფერმერს ჯერ კიდევ დახმარება უნდა, რომ მეტი პროდუქცია აწარმოოს და გაძლიერდეს“, - განაცხადა ზაზა ივანიძემ.