ლერი ციცაგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. სოფელი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ 2018 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მეჯვრისხევის მოსახლეობა ამჟამადაც დაძაბულ, კონფლიქტურ გარემოში ცხოვრობს - რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ მიწას, საქონელს. ლერი ციცაგი იმ ფერმერებს მიეკუთვნება, რომელთაც სიძნელეების მიუხედავად სოფელი არ მიუტოვებიათ, ცდილობენ განავითარონ მეურნეობა და დანერგონ სიახლეები.
58 წლის ფერმერი მეხილეობა-მებოსტნეობას ბავშვობიდან მისდევს, განსაკუთრებით დაინტერესებულია ჩითილების გამოყვანით, მაგრამ სოფელი ზღვის დონიდან 850 მ-ზეა, ზაფხულშიც კი სიგრილეა და ჩითილის გამოყვანა უსათბუროდ ვერ ხერხდება.
„ორი წლის წინ „ელკანას“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე - გამიკეთეს სათბური და წვეთოვანი სისტემა. პირველი მებაღე ვარ სოფელში, ვისაც რწყვის პრობლემა აღარ მაქვს. კონფლიქტის დროს ჩვენი სოფლის წყლის სათავე ნაგებობა ცხინვალის მხარეს დარჩა. ახლა წყალი მოტორით იქაჩება, წნევაც დაბალია და სოფელში მაინც მორწყვის პრობლემებია. წვეთოვანი სარწყავი სისტემა მართლა შვებაა მეურნისათვის. სათბური სულ რაღაც 100 კვადრატული მეტრია, პატარაა, მაგრამ ჩემთვის საკმარისია - „კასეტებში“ ვთესავ ჩითილს, დაახლოებით 35,000 ჩითილი ეტევა. წელს დამატებით ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის ჩითილებიც გამოვიყვანე. წვეთოვანი მორწყვა ძალზე მოსახერხებელია პომიდვრისათვის, რომელსაც ჭარბი წყალი არ უხდება. წვეთოვანით მორწყვამ მოსავალიც ორჯერ გაგვიზარდა და თუ ადრე 10 ტონა მოგვყავდა, ახლა 20 ტონა მოგვყავს“, - ამბობს ლერი ციცაგი.
ფერმერის თქმით, „ელკანას“ მხარდაჭერამ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაც მოუგვარა. ადგილობრივი ვარდისფერი ჯიშის პომიდორი საუკეთესო საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა და ფასიც კარგი აქვს - წელს 1 კგ პომიდორი 3-4 ლარად გაყიდა.
დღეს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა სამაცივრე მეურნეობების მოწყობაზეა ორიენტირებული - ბოსტნეული და პომიდორი ერთიანად შემოდის, მალე ფუჭდება და პროდუქციის რეალიზაციაც რთულია. შესაბამისად, გასაყიდი ფასიც ნაკლებია. სოფელში სამაცივრე მეურნეობის განვითარებამ დაარეგულირა ფასიც და ფერმერული საქმიანობაც უფრო მომგებიანი გახადა.
„კარგი იქნება, ჩემს მეურნეობაში სამაცივრეც მოვაწყო. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ არაფერი გაგიფუჭდეს და ბოლომდე გახარჯო მოსავალი. თანაც შემიძლია, ფასი როდესაც გაორმაგდება, მაშინ გავყიდო ჩემი პროდუქტი და მეტი შემოსავალი მივიღო. ეს ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ამჟამად მშვიდობა გვჭირდება,“ - აღნიშნავს ლერი ციცაგი.