მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ჩვენი წევრები

მარიკა ყანდორელაშვილი
მარიკა ყანდორელაშვილის ხილის ბაღი სოფელ სათემოში

მარიკა ყანდორელაშვილის მეურნეობა გორთან ახლოს, კონფლიქტის ზონასთან, სოფელ სათემოში მდებარეობს, სადაც ფერმერს 7 ჰა-ზე ფართობზე გაშენებული აქვს ვაშლი, ბალი, ქლიავი, კენკრა და ვაზი.

მარიკა ამ რეგიონისათვის ტრადიციული კეხურას ჯიშის ვაშლის მოყვანით იყო დაკავებული, მაგრამ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას’’ რჩევითა და ხელშეწყობით ნელ-ნელა გააფართოვა მეურნეობა - 1.5 ჰა-ზე ქლიავის ბაღი გააშენა, რომელსაც საჩირედ იყენებს; ,,ენპარდის’’ პროექტის ფარგლებში იტალიიდან შემოტანილი ნერგებით ბლის ბაღი გააშენა. აქვს კომშიც და კენკრაც, რაზეც დიდ იმედს ამყარებს და გეგმავს მისი წარმოება ნახევარ ჰექტრამდე გაზარდოს. წელს ,,დანერგე მომავალის“ პროგრამის ხელშეწყობით 1 ჰ-ზე ვაშლის ევროპული ჯიშებიც გააშენა.  

მარიკა გვიამბობს თავისი მეურნეობის შესახებ:

„ოჯახური მეურნეობა გვაქვს და სხვადასხვა სახეობის პროდუქციას ვაწარმოებთ. თუ ერთი არ გაამართლებს, იქნებ, მეორემ მაინც გაამართლოს. ან - ერთი პროდუქტი თუ არ გაიყიდება, სხვა სახეობის შევთავაზოთ მომხმარებელს.

ასოციაცია ,,ელკანაში’’ 1997 წლიდან ვარ გაწევრიანებული. იმ პერიოდში საქართველოში სოფლის მეურნეობას ყურადღებას არავინ აქცევდა. ,,ელკანა’’ რომ არა, მეც სხვებივით მივატოვებდი სოფელს და სხვა გზას დავადგებოდი - ,,ელკანამ’’ მოტივაცია მომცა, რომ ჩემი თავი მეპოვნა - სოფელში დავრჩენილიყავი, მუშაობა გამეგრძელებინა და შემოსავალი მიმეღო. მისი დახმარებით მიღებულმა ცოდნამ, გამოცდილებამ, საქმიანობის თანამედროვე მეთოდებზე გადასვლამ საშუალება მომცა, მეურნეობის განვითარებისას ნაკლები შეცდომები დამეშვა.

,,ელკანას’’ ხელშეწყობით, ჩავერთე ,,ენპარდის“ პროგრამაშიც და 2 წლის წინ იტალიიდან ჩამოტანილი „კორდიას“ და „რეჯინას“ ჯიშის 450 ძირით გავაშენე საუკეთესი ბლის ბაღი. წელს ბაღმა უკვე ნიშანი მოგვცა და დავრწმუნდით, რომ ის საუკეთესო საგემოვნო თვისებებით და გამძლეობით გამოირჩევა.

ვცდილობ, მეურნეობა უფრო მრავალფეროვანი გავხადო. „ელკანას“ დახმარებით საგურამოს სანერგე მეურნეობიდან გადმომცეს 400 ძირი ვაზის ფრანგული ჯიში - ბურგუნდერი, ჩვენში უფრო მეტად პინოს სახელით ცნობილი. გავაშენეთ ვენახი, წელს პირველი მოსავალიც მივიღეთ და დავწურეთ 120 ლიტრი ნატურალური წვენი.

ფერმერისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სათანადო ცოდნის ნაკლებობაა. აუცილებელია კვალიფიკაციის ამაღლება. რეგულარულად ვმონაწილეობ  სხვადასხვა ტრენინგებში და მიღებულ ცოდნას ჩემს საქმიანობაში ვიყენებ. ჩვენთვის ასევე დიდი გამოწვევაა მოყვანილი მოსავლის რეალიზაცია. სწორედ ამით ვართ ახლა დაკავებული - ვყიდით უცხოური ჯიშის ვაშლების - გოლდენის, გალას და რედ კაპის მოსავალს.  

სამომავლოდ ვფიქრობთ მეორად წარმოებაზე გადასვლას. ნედლეული უხვად გვაქვს და მინდა ჩირის საწარმო გავაკეთო.

ჩვენთან, ადგილზე, ყველაფერს იაფად ვყიდით, მომხმარებელი კი ქალაქში ყველაფერს ძვირად ყიდულობს - ჩვენგან ნაყიდი პროდუქცია რამდენიმე გადამყიდველის ხელში გაივლის და ძვირდება. ჩემი აზრით, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ფერმერმა თვითონ გაიტანოს მოსავალი ბაზარზე და გადამყიდველების გარეშე გაყიდოს - ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს.“