მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ჩვენი წევრები

ნიკოლოზ ბიწკინაშვილი
„მართალი ღვინო“

ახალგზარდა მეწარმემ ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, მამაპაპეულ სახლში, ავტოფარეხად გამოყენებულ შენობაში, XIX საუკუნის ტრადიციული მარანი აღმოაჩინა. მარანი გაწმინდა, გააფართოვა, ქვევრები აღადგინა. მარნიდან 7 კილომეტრში, ფაფრის ველზე გადაჭიმული მამა-პაპისეული ვენახები განაახლა და, გერმანელ მეგობართან ერთად, ტრადიციული რქაწითლისა და საფერავის ჯიშებისგან ბიომეთოდებით „მართალი ღვინის“ წარმოებას შეუდგა.

„პროფესიით მეღვინე არ გახლავართ, იურისტი ვარ. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ „მართალი ღვინო“ გაგვეკეთებინა, რომელიც ბუნებრივი - შეურეველი იქნებოდა. არანაირი ქიმიურ საშუალებებს არ ვიყენებთ, ყურძენი ბიომეთოდების გამოყენებით მოგვყავს და შესაბამისად ღვინოც საუკეთესოა. დაახლოებით წელიწადნახევარია გასული და შედეგით კმაყოფილები ვართ. ზოგჯერ ამბობენ, რომ  ღვინოს ბიომეთოდებით ვერ დააყენებო, მაგრამ ჩვენ მაგ მითს ვანგრევთ - არ ვიყენებთ ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც მავნე ორგანიზმებთან ერთად, სასარგებლოსაც ანადგურებს. ვენახს ვუვლით მხოლოდ ბიოსაშუალებებით და შეწამვლის ვადებს ვგეგმავთ მთვარის კალენდრის მიხედვით“, - ამბობს მეღვინე.

მეღვინე ორი წლის წინ გახდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი და იღებს კვალიფიციურ რჩევებს „ელკანას“ კონსულტანტებისაგან მარნის მოწყობისა და ვაზის მოვლა-მოყვანის ყველა ეტაპზე - დაწყებული ქვევრების ჩაყრითა და ღვინის დაყენებით დამთავრებული.

„რჩევები ძალიან სასარგებლო იყო - ტელეფონის მეშვეობით ვუკავშირდებოდი და, თუ საჭირო იყო, ჩამოდიოდნენ და ადგილზე მეხმარებოდნენ. რაც უფრო მეტი ასეთი ორგანიზაცია იქნება, ვფიქრობ, ბიოღვინის მწარმოებელთა რიცხვიც გაიზრდება“, - აცხადებს მეღვინე.  

„ელკანას“ რჩევით, ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა ბიოსერტიფიკატის აღებაც გადაწყვიტა, 1 წლის წინ მიმართა სერტიფიცირების ორგანოს - „კავკასსერტს“; გააფორმა მათთან ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გადის ყოველწლიურ შემოწმებას და, სავარაუდოდ, 2 წელიწადში ბიოსერტიფიკატის მფლობელიც გახდება.

კარგი მაგალითი გადამდებია - ნიკოლოზ ბიწკინაშვილის მეზობლები, რომლებიც ვენახებს სისტემური პრეპარატებით სწამლობდნენ, დაინტერესდნენ ახალგაზრდა მეღვინის საქმიანობით და დღეს ზოგიერთი მათგანი ბიომეთოდების გამოყენებასაც გეგმავს.

ნიკოლოზ ბიწკინაშვილის პარტნიორი, თომას შუბეუსი აღნიშნავს, რომ პროდუქციას „მართალი ღვინო“ მისი თვისებებისა და კეთილშობილების გამო დაარქვეს.

„მართალი ღვინო ჩემთვის ბიოღვინოა - ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო. ჩვენ პროფესიონალი მეღვინეები არა ვართ, მაგრამ ვსწავლობთ. მე გერმანელი ვარ, მამაჩემი ღვინის ექსპერტია და, იმედია, დამეხმარება. ღვინის გაყიდვას ვაპირებთ გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში. მიმაჩნია, რომ არ უნდა ვიყოთ მარტო რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულნი -  ევროპაში მეტი ღვინის გატანა უნდა ვცადოთ“, - ამბობს თომას შუბეუსი.

თომასის აზრით, ბიომეღვინეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ახალი ტრენდია. გერმანელი მეღვინის თქმით, ჩანს, რომ კახეთში საგრძნობლად მოიმატა ტრადიციული მარნების რაოდენობამ, მაგრამ ყველა როდი აყენებს ღვინოს ბიომეთოდებით.

„ასეთი ღვინო, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო ძვირია - 2017 წლის ჩამოსხმის საფერავის ერთი ბოთლის ფასი 50 ლარია. შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებელი ჯერ მაღალი არ არის.

ვისურვებდი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართველმა მეწარმეებმაც აქტიურად წარადგინონ პროდუქცია და, ამავე დროს, აუცილებელია მათი წახალისება. განსაკუთრებული, ელიტარული ღვინისათვის აუცილებელია სტაბილური ბაზრის მოძიება ევროპაში, სადაც უკვე ქართული ქვევრის ღვინო დიდ ინტერესს იწვევს.

სწორედ ამ მიმართულებით, კერძოს ევროპის ბაზარზე გასვლაში, სჭირდება ფერმერს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება“, - აღნიშნავს თომას შუბეუსი.