მიმდინარე პროექტები

სათემო განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის IV ფაზა (SBDP4)

ინიციატორი და დამფინანსებელი: bp Georgia


განხორციელების პერიოდი: 2025 წლის იანვარი - 2026 წლის ივნისი


სამიზნე არეალი: დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე საქართველოს 121 სამიზნე სოფელი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება მცხეთა-მთიანეთის,  შიდა ქართლის,  ქვემო ქართლის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.


მიზანი: პროექტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება bp-ისა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებს შორის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზით.


ბიუჯეტი: 661,500 ლარი


პროექტის წინაპირობები და საჭიროების დასაბუთება:

საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგანან. სიღარიბე, დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები და მზარდი გარე მიგრაცია კვლავ კრიტიკულ პრობლემებს წარმოადგენს. სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს ემატება კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილი პრობლემები, ნიადაგის დეგრადაცია და წყლის ნაკლებობა, რაც საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა და სასურსათო უსაფრთხოებას. ამ ფონზე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მართვის უნარ-ჩვევების შეუსაბამობა განსაკუთრებული ბარიერებია.

SBDP4 მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ამ ურთიერთდაკავშირებული პრობლემების მოგვარებას სამიზნე თემებში მიკრო და მცირე ბიზნესების შექმნისა და ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის ამაღლების გზით.

პროექტი წარმოადგენს bp-ს მიერ 2015 წლიდან ფაზებად განხორციელებული სათემო განვითარების პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით სწავლება გაიარა და დაფინანსება მოიპოვა 970-მდე დამწყებმა და მოქმედმა მეწარმემ. 

წინა წლების წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, პროექტი  ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ადგილობრივ მეწარმეებს (განსაკუთრებით - ქალებსა და ახალგაზრდებს), ხელს შეუწყობს მათი უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ შორის  კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო წარმოების მიმართულებით და საშუალებას მისცემს დააარსონ მდგრადი საწარმოები, რომლებიც არა მხოლოდ მათ მოუტანს შემოსავალს, არამედ დამატებით შექმნის დასაქმების შესაძლებლობებსაც. პროექტის ფარგლებში შეფასდება მხარდაჭერილი ბიზნეს-საწარმოების გარემოსდაცვითი რისკები და დაინერგება  მდგრადი მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს წყლის გამოყენებისა და ნიადაგის დეგრადაციის შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას.


დაგეგმილი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი შედეგები:

  1. ბენეფიციართა ბიზნეს-დაგეგმარების უნარების განვითარება და სამიზნე თემებში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ახალ საწარმოთა შექმნისა და მოქმედ საწარმოთა გაფართოების მეშვეობით;
  2. მხარდაჭერილ მეწარმეთა მართვის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების სრულყოფა და ამგვარად მათი შრომის წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება;
  3. მხარდაჭერილ მეწარმეთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის ზრდა მათი პროფესიული უნარების გაძლიერებით.

პროექტის მიმდინარე ფაზის ამოცანებია:

  • 120 ბენეფიციარი გაივლის ბიზნეს-გეგმის შედგენის ტრენინგებს და შემდგომში დამოუკიდებლად შეიმუშავებს მას მეხუთე საგრანტო კონკურსის ფარგლებში;
  • საგრანტო დაფინანსებას მოიპოვებს 20 დამწყები და 5 მოქმედი მცირე მეწარმე, შეიქმნება 25  სამუშაო ადგილი;
  • ყველა დაფინანსებულ მეწარმეს ჩაუტარდება სხვადასხვა ტექნიკური და პროფესიული ტრენინგი, რის შედეგადაც ისინი დანერგავენ სიახლეებს საწარმოო პროცესებში და შესაბამისად გაზრდიან თავიანთი პროდუქციის ღირებულებას;
  • ყველა დაფინანსებულ მეწარმეს ჩაუტარდება ინტენსიური სწავლება ციფრული კომპეტენციების, ფინანსური აღრიცხვის, მარკეტინგის, მომხმარებლებთან ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარებისა და სხვა საკითხებზე.