მიმდინარე პროექტები

აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა საქართველოს მეურნეობებში

დამფინანსებელი: bp Georgia


განხორციელების პერიოდი: 2024 წლის მარტი - 2025 წლის მაისი


სამიზნე არეალი: საქართველო


მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ადგილობრივი კულტურების  - ხორბლის ოთხი ენდემური სახეობისა და ბოსტნეულის შვიდი ადგილობრივი ჯიშის - აღდგენის გზით.


ბიუჯეტი: 99,988 ლარი


პროექტის წინაპირობები და საჭიროების დასაბუთება:

საქართველო კულტურული მცენარეების წარმოშობის დასავლეთ აზიურ ცენტრს მიეკუთვნება. აქ სოფლის მეურნეობას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულიდან მისდევენ.  საქართველო ისტორიულად  ცნობილი იყო კულტურული მცენარეების მრავალფეროვნებით. მცენარეთა  მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შემცირდა საბჭოთა პერიოდში, გეგმური ეკონომიკის პირობებში ინდუსტრიული ჯიშების მხოლოდ მცირე რაოდენობის ინტენსიურ დანერგვაზე ორიენტაციის გამო.

ასოციაცია „ელკანა“ 1996 წლიდან მუშაობს აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამაზე, რომელიც ძირითადად მარცვლეულ და პარკოსან კულტურებზე იყო ფოკუსირებული. მიმდინარე პროექტი კი მოიცავს სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ისეთი აბორიგენული კულტურების ფერმის გარემოში აღდგენის ღონისძიებებს, რომლებსაც  „ელკანას“ საკონსერვაციო პროგრამა აქამდე არ ფარავდა.

პროექტის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე,  შესაბამისი ღონისძიებები გააძლიერებს ფერმერთა შესაძლებლობებს თესლის წარმოებისას  და ხელს შეუწყობს მათ მინდვრებზე ადგილობრივი კულტურების რეინტროდუქციას, ასევე გააუმჯობესებს მომხმარებელთა ცოდნას კლიმატის ცვლილების, მდგრადი წარმოებისა და ადგილობრივი კულტურების მოხმარების შესახებ.


განხორციელებული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები:

  • შეირჩევა ენდემური და აბორიგენული კულტურები (ხორბლის 4  ენდემური სახეობა და ბოსტნეული კულტურის 7 მივიწყებული ადგილობრივი ჯიში), რომლებიც აღდგება და გამრავლდება 2 ჰექტარზე -  წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო ფერმაში „თესლეულის კიდობანი“, სათესლე მასალის სარეალიზაციოდ დამზადების, შეფუთვისა და შენახვის ჩათვლით;
  • მომზადდება და დაიბეჭდება შერჩეული კულტურების სათესლე მასალის წარმოების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო;
  • ჩატარდება ტრენინგები და ფერმერთა საველე დღეები მინიმუმ ასი დაინტერესებული ფერმერისთვის - ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგად ადაპტირებული, ენდემური და აბორიგენული კულტურების ეფექტური გამოყენების შესახებ;
  • გამრავლებული კულტურების თესლი დაურიგდება მინიმუმ 20 ადგილობრივ ფერმერს, რათა მათ დათესონ ეს კულტურები თავიანთ მეურნეობაში და გააუმჯობესონ შერჩეული კულტურების კონსერვაციის სტატუსი ex situ კონსერვაციიდან - ფერმზე კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებამდე.
  • პროექტი ითვალისწინებს  ღირებულების ჯაჭვის მონაწილეებთან თანამშრომლობას - მოეწყობა დეგუსტაცია და შემაჯამებელი ღონისძიება, ასევე მომზადდება საპოპულარიზაციო მასალა სოციალური მედიისთვის, რათა გაიზარდოს ბაზრის მოთხოვნა აბორიგენულ კულტურებზე და ამაღლდეს მომხმარებლის ცნობიერება.